პატარა თათის ამბავი

გადავწყვიტე, რჩევების გარდა ზოგჯერ პირადი პოსტებიც დავწერო ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი ოჯახის წევრი ცხოველების თავს რამე ამბავი ხდება და მინდა, რომ სხვებსაც გავუზიარო.

ეს ტიფანია. პატარა იორკშირ ტერიერის ჯიშის გოგო, რომელიც მალე 5 თვის ხდება. აქ შეიძლებოდა დამეწერა თუ როგორი საყვარელია ტიფანი და როგორ მატრივად ითვისებს ყველა წესს, რომელიც ჩვენს ოჯახში მოქმედებს, მაგრამ შემდეგისთვის შემოვინახოთ. დღეს საბრალო გოგონას მძიმე დღეები უდგას. რატომ? იმიტომ რომ გაშოტილი წევს თავის ფუმფულა საწოლზე, წინა მარცხენა თათზე რაღაც არტაშანის მსგავსი სახვევი ადევს და ცდილობს დაიძინოს.

საქმე იმაშია, რომ გუშინ ტიფანიმ თათი მოიტეხა. ზოგადად, პატარა ჯიშის ძაღლები სუსტი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემით გამოირჩევიან. ამიტომ, საკუთარი ინიციატივით, მოყვანის დღიდან ხშირად ვაჭმევდი ხაჭოს. თუმცა, ტიფანის არც ხაჭოს ჭამამ უშველა და არც მოფერებამ. თვალის დახამხამებაში ისკუპა კალთიდან, რათა თავი დაეღწია საზარელი ნივთის ზემოქმედებისგან, რომელსაც სავარცხელს უწოდობენ. არ უყვარს ტიფნის სვარცხელი. ურჩევნია გაჩეჩილმა იაროს და თმა თვალებში ეფხატებოდეს, ოღონდ არ დავარცხნონ.

რას ვიზამდით კვირა საღამოს 6 საათზე? ტელეფონს ვეცი და ყველა ვეტერინარულ კლინიკაში დავრეკე რომლის ნომერიც მეწერა. ყველა ექიმმა 2 კლინიკაში გადამამისამართა: “ტელევიზიის პირდაპირ რომ არის” და “მიცკევიჩზე რომ არის”. არცერთი კლინიკის შესახებ არ ვიცოდი არაფერი, მისამართის გარდა, მაგრამ რა გაეწყობოდა? ამასობაში კი თათმოტეხილი ტიფანი განწირული ხმით კიოდა და შველას ითხოვდა. 15 წუთში ორივენი “ტელევიზიის წინ რომ არის” იმ კლინიკაში ვერჭეთ, სადაც რენტგენის სურათის 3 ცდაზე (რომელიც ადამიანის რენტგენზე ძვირი დაჯდა) დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად მოტეხილობასთან გვქონდა საქმე. ტიფანის მოტეხილი თათი გადაუხვიეს და სახლში გამოგვიშვეს, ქირურგის ტელეფონის ნომრით ხელში.

დღეს დილით პატარა გოგო ისევ იმ კლინიკაში მივიყვანე, სადაც ყოველთვის დამყავდა იმ იმედით, რომ ექიმი რამე დამაიმედებელს გვეტყოდა, მარამ როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა.

ოპერაცია… ქირურგიული ჩარევა. ანუ ჩემს ტიფანის თათს გაუჭრიან, მოტეხილ ძვლებს რაღაცით დაუმაგრებენ და ისევ შეუკერავენ. ამასობაში ტიფანი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იქნება და მე გულის კანკალით უნდა ველოდო, როდის გაიღვიძებს და თვალებში შემომხედავს. მერე მოთმინებნით უნდა ველოდო სანამ მოტეხილობა შეუხორცდება და ჩემი გოგო ისევ ძველებურად განაგრძობს კუნტრუშს.

თუმცა ეს ყვეაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ანალიზები ხვალ კარგ შედეგს გვიჩვენებენ. თუ არა და არ ვიცი რა მოხდება. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ თმის დავარცხნას დავაძალე.

მალე გამოჯანმრთელდი, ჩემო პაწია გოგო.

გაგრძელება იქნება მალე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *