როგორ შევარჩიოთ შინაური ცხოველი

ზოგიერთ ადმიანს შინაური ცხოველი დაბადებიდან ჰყავს და ოთხფეხა მეგობრის ყოლა ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს ოჯახში. ჩემს სახლში კი 27 წლის ასაკამდე არ მახსოვს ძაღლის თათი დადგმულიყო.

როდესაც ცხოველის ან ფრინველის მოყვანას გადაწყვეტთ, პირველი ეტაპი საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გარკვევაა. გვაქვს კი საკმარისი დრო ახალი ბინადრის მოსავლელად? გვყოფნის ფინანსები მათ გამოსაკვებად, მოსავლელად და სამედიცინო პროცედურების ასანაზღაურებლად? ზუსტად ვიცით რომელი სახეობის ცხოველის ყოლა გვინდა?

სანამ თქვენს სურვილებში გაერკვეოდეთ, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ყველაზე რთული მოსავლელი ბინადარი არის თევზი. გგონიათ, იყიდით ერთ ლამაზ თევზს, აკვარიუმში ჩასვამთ, საჭმელს აჭმევთ და ამით ყველაფერი მთავრდება? არანაირად. თევზების მოვლა ყველაზე მეტ ცოდნას და ფინანსებს მოითხოვს. თევზისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად ძალიან კარგი აკვარიუმი, აპარატურა და ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული  დეკორაციებია საჭირო. განსაკუთრებით რთული ოქროს თევზის ყოლაა და თუ ვინმე დაგარწმუნებთ, რომ ოქროს თევზი პატარა, მრგვალ აკვარიუმში თავს კარგად გრძნობს, სასწრაფოდ გაიქეცით, რადგან გატყუებენ. ოქროს თევზი პოპულარული მხოლოდ იმის გამოა, რომ ძნელად კვდება (!) და ყველაზე დიდხანს შეუძლია არანორმალური პირობების ატანა.

თუ მაინცდამაინც თევზის ყოგა გსურთ, გირჩევთ “ბეტა” თევზით დაიწყოთ. იგი ერთადერთია, რომლის გაჩერებაც პატარა მრგვალ აკვარიუმშია შესაძლებელი.  თუტქმის ყველა ზოომაღაზიაში იყიდება და დაახლოებით 15 ლარამდე ღირს.

თევზებთან ერთად საქართველოში დიდი პოპულარობით თუთიყუშები სარგებლობენ. მაღაზიებში უამრავი ჯიშის ლამაზი ფრინველია წარმოდგენილი და მათი ფასიც 30 ლარიდან პლუს უსასრულობამდე მერყეობს. ყველაზე ხელმისაწვდომი ჩვენთან ტალღოვანი თუთიყუშია, რომელიც სწორად აღზრდის პირობებში ლაპარაკსაც სწავლობს და ბევრ საინტერესო ჩვევას ითვისებს.  გარდა ამისა, იგი ჰიპოალერგიულია და ასთმით დაავადებული ადამიანებისთვისაც არ წარმოადგენს საფრთხეს.

სამწუხაროდ, ზაზუნების, კატებისა და რეპტილიების ყოლის გამოცდილება არ გამაჩნია, ამიტომ პირდაპირ ძაღლების შერჩევის ამბავზე გადავალ.

ჩვენს ქვეყანაში ბევრს უყვარს ძაღლები. ბევრს ყავს კიდევაც, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის რამე მათი შერჩევისა და შენახვის პირობების შესახებ. თვით მომშენებლებშიც შევხვდებით ამ სფეროში სტულიად არაკომპეტენტურ ადამიანებს.  როგორ შევარჩიოთ ძაღლი?

სანამ ცხოველების ბაზრობას ან ინტერნეტმაღაზიას მივადგებით, ჯერ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ რამდენიმე კითხვა:

  1. ჯიშიანი ძაღლი გვინდა თუ მეტისი?
  2. რატომ გვინდა ძაღლის ყოლა?
  3. როგორი და რა ზომის ძაღლი შეეფერება ჩვენს საცხოვრებელ პირობებს?
  4. ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში სახლში ოთხფეხა, ბეწვიანმა და ხშირ შემთხვევაში, ჰიპერაქტიურმა არსებამ იცხოვროს.
  5. ვართ თუ არა მზად ფინანსური თვალსაზრისით?

თუ უბრალოდ ძაღლები გიყვართ და მათი ჯიშიანობა თქვენთვის სულ ერთია, შეგიძლიათ ძალიან საყვარელი, თბილი და ჯანმრთელი ოთხფეხა მეგობარი აიყვანთ თავშესაფრიდან. თბილისში რამდენიმე თავშესაფარი ფუნქციონირებს.  მათი ბინადრები ან ქუჩაში ნაპოვნი ცხოველები არიან, ან ოჯახებიდან ჩაბარებული შინაური ცუგები, რომლებზეც პატრონებმა უარი თქვეს.  თავშესაფრიდან წამოყვანამდე აუცილებელია ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, რათა დაავადებების გავრცელების საფრთხე ავიცილოთ თავიდან. ხოლო თუ ოჯახში ჯიშიანი ძაღლის ყოლა გვინდა, საქმე გაცილებით რთულადაა, რამდენიმე მიზეზის გამო.

ჯიშიანი ძაღლების გამრავლებას საქართველოში კინოლოგიური კლუბები და ფედერაციები აკონტროლებენ, თუმცა ბევრი მომშენებელი ჯერ კიდევ “ჩრდილოვან ეკონომიკას” მისდევს. ჯიშიანი ძაღლები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირი ღირს და უცხოურ ვალუტაში იყიდება. თუ მზად ხართ დიდძალი ხარჯის გასაწევად, დროა შესაფერისი ჯიშის შერჩევაზე დავფიქრდეთ.

თუკი მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობთ, ჯობია თავიდანვე დაივიწყოთ ჰასკის, კანე-კორსის, ბოქსიორის და ზოგადად დიდი ზომის ძაღლის ყოლის იდეა. თქვენთვის იდეალური პატარა, ჰიპოალერგიული ძაღლი იქნება, რომელიც ქართულ ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული: პუდელი, მალტეზე, იორკშირ-ტერიერი, ში-ტსუ… ასევე პეკინესი (არაჰიპოალერგიული), ფოქსტერიერი, კოკერ სპანიელი (არაჰიპოალერგიული) და ა.შ.

გირჩევთ, ძაღლის ფასებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყოთ, რაც სასურველ ჯიშს აარჩევთ. ნუ შეარჩევთ ძაღლს ფასის მიხედვით! ერთხელ გაკეთებული ეკონომია შეიძლება სამუდამოდ სანანებლად გაგიხდეთ. გაარკვიეთ სასურველი ჯიშის ძაღლის საორიენტაციო ფასი და დაიწყეთ კეთილსინდისიერი მომშენებლის მოძიება. ამაში შეიძლება ინტერნეტ-მაღაზია, კონოლოგიური კლუბი ან ვეტერინარული კლინიკა დაგეხმაროთ. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც უკვე ჰყავს იგივე ჯიშის ძაღლი. გამოიყენეთ ფეისბუქ-ჯგუფები. ჰკითხეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ინფორმაცია კარგი მომშენებლის შესახებ. პარალელურად, ინტერნეტში მოიძიეთ სტატიები სასურველი ძაღლის სტანდარტების, ხასიათის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, კვებისა და მოვლის შესახებ. მხოლოდ ამ ყველაფრის ფონზე შეიძლიათ იფიქროთ ძაღლის შეძენასა და სახლში წამოყვანაზე.

შემდეგ პოსტში იხილავთ ინფორმაციას:

  • კინოლოგიური დაწესებულებების შესახებ;
  • ვეტერინარული კლინიკების შესახებ;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ უკვე შერჩეული შინაური ცხოველის სახლში წამოყვანადე;
  • როგორ შევამოწმოთ ძაღლის საბუთები;
  • როგორ ავარიდოთ თავი არაკეთილსინდისიერ მომშენებელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *